აღმართი # 1 – სწავლა

უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში დაჯღაბნილ, გაუბედურებულ მერხთან ვზივარ და ვფიქრობ: “ამ საგანში რაც ვისწავლე ოდესმე რამეში გამომადგება? “შპარგალკის” მომზადება ისევ დამეზარა, გამოცდის დაწყებამდე 5 წუთი გადავხედავ და რამეს დავწერ”. შუა გამოცდაზე გინდა მერხზე შენი გენიალური კვალიც დატოვო: “ფუჭად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება და გზა უვალ…”

“ჯაფიაშვილი! რას აკეთებ?!”

“უკაცრავად…”

მაღლივის მერე გაცვლითი სემესტრი იენაში საუნიდან ყინულებში ჩახტომას ჰგავდა. იქ მართლა ითხოვდნენ, რომ რაღაც გამეგო და რამენაირად გამოცდამდე გამყოლოდა ცოდნა.

მერე ISET-ის ორ წლიანი სწავლა, სწავლა, სწავლა და არანაირი ძილი… თუმცა, კენწერო მაინც არ ჩანდა.

No alt text provided for this image

აღმართი #2 – პირველი სტუდენტური სამსახური

ტელემარკეტინგი! ეს ის სამსახურია, რომელიც ბევრ სტუდენტს გამოუვლია და ყველას უნატრია პოტენციურ კლიენტთან დარეკვისას უბრალოდ არავის ეპასუხა, რომ იქნებ რამენაირად გაყიდვის მობეზრებული ტექსტის კიდევ ერთხელ გამეორებას გადარჩენოდა. ამისთვის ვახალე წიგნებს თავი?! ამისთვის მეძინა ბიბლიოთეკაში?

კენწერო #1 – მაგისტრი ვარ!

სტუდენტობა მთავრდება და საკუთარ თავს უამრავ კითხვას უსვამ: როგორ გამოვიყენებ ჩემს ცოდნას? სხვებს რითი ვაჯობებ? პრობლემის გადაწყვეტის ხუთი ეტაპი და ჰიკსის და მარშალის მრუდები წყვეტს ყველაფერს? 22 წლის ასაკში უძილო, უმოძრაობისგან მოსუქებული და გადაღლილი ვიყავი.

No alt text provided for this image

დაღმართი #1 – პირველი “ნამდვილი” სამსახური და დაწინაურება

აი, თურმე როგორი ყოფილა ინტელექტუალური სამუშაო! დამღლელი, მაგრამ სასიამოვნო! აღარავის ახსოვს რა ნიშანი დაგიწერეს ISET-ში მიკროეკონომიკაში (კი, B- გაჭირვებით) და აღარც მაღლივის 100 ქულებს აქვს მნიშვნელობა. ახლა მთავარია აჩვენო, რომ აზროვნებ, მუშაობ და ამბიციებიც გაქვს. კი, ორგანიზაციაში ბევრი პრობლემა შეიძლება წარმოიშვას, მაგრამ გადაწყვეტის პროცესის 5 ეტაპად დაყოფაზე ფიქრის დრო ვის აქვს?! ის უნარები უნდა “მოიმარჯვო” რომლებიც ლექტორებთან, ჯგუფელებთან და სხვა სამსახურში მუშაობისას გამოგადგა… ყველაფერი წინ არის!

No alt text provided for this image

ერთ მშვენიერ დღეს გაწინაურებენ და შეგრძნება გაქვს, რომ დაგინახეს, შეგამჩნიეს, რაღაცას ჰქონია აზრი, სწავლას ან იქნებ წვალებას? ტყუილად არ აჭენებდი მერანს აბიტურიენტობაში! არც ჰიკსი და მარშალი დაგრჩნენ ვალში! მერე რა, რომ მათი გვარები დიდი ხანია აღარც კი გაგხსენებია? ახლა ხომ გაგახსენდა?!

ორმო #1 – ქვეყნიდან წასვლა და ისევ ნულიდან დაწყება

“სიყვარულო ძალსა შენსა…” თავი რუმინეთში ამოვყავი, არც ენა ვიცი და ცოტა შეშინებულიც ვარ. გასაუბრებაზე მეკითხებიან ქართული თუ ვიცი…

“ბატონო?!”

მუშაობას ბუქარესტში, ქოლ-ცენტრში ვიწყებ, სადაც ორადორი უნარი მჭირდება: მშობლიური ენის ცოდნა და კარგი მეხსიერება. ამისთვის მეძინა ბიბლიოთეკაში? ამისთვის მივაჭენებდი მერანს? ამდენს ხომ მე-9 კლასშიც მოვახერხებდი?

უეცარი კენწერო #2 – ახალი სამსახური რუმინეთში და დაწინაურება

ქოლ-ცენტრში 6 თვიანი მუშაობის მერე, დასაქმების ფესტივალზე აღმოვაჩენთ მეც და პოტენციური დამსაქმებელიც, რომ თურმე რუმინული შემომესწავლა, გერმანული ხომ ისედაც ვიცოდი და განათლებაც მშვენიერი მქონია და ამიტომ 1 წლიანი management trainee-ის არაჩვეულებრივად ანაზღაურებადი პროგრამისთვის ზედგამოჭრილი ვარ.

ერთი წელი კომპანიის ყველა დეპარტამენტში ვმუშაობ ცოტა ხნით. უამრავ ხალხს ვიცნობ, “სოციალურ კუნთებს” ვივარჯიშებ (პანდემიაში რომ დავკარგეთ, ე, იმ კუნთებს!) და ძალიან ბევრ ინფორმაციას ვიღებ. 10-15%-ს ვიმახსოვრებ.

ბოლოს ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარების დეპარტამენტს ვირჩევ და ერთი წელი იქ ვმუშაობ. მაწინაურებენ! ისევ დამინახეს, ისევ დამაფასეს! ტყუილად არ… მიძინია ბიბლიოთეკაში? ამდენმა სწავლამ მომიყვანა აქამდე თუ რამე სხვამ?

ორმო #2 – ვინ ვარ მე? ეგზისტენციალური კრიზისი კუბაში

რაღაცა რომ შეგიჩნდება და კუბაში წახვალ, ეგ ხომ ყველას გამოგიცდიათ? ა, მარტო მე? ჰო, ყველაზე იაფი ბილეთებით (მარტო წყალი შედიოდა, სკამიც გაჭირვებით) კუბაში მივფრინავ და მთელ დანაზოგს იქ ვხარჯავ. სამაგიეროდ, ოცნება ავისრულე! ჰავანა, სიენ-ფუეგოსი, კუბაში ვარ, კუუუ-ბააა-შიიი! (“კუბაზე” ითქმის კუნძულზე და ქვეყანას თუ გულისხმობ “კუბაშიც” მშვენივრად შეიძლება, არ დაიწყოთ ახლა!)

რუმინეთში დაბრუნებული საკუთარ თავს ახალ კითხვებს ვუსვამ: “რა მინდა ამ ოფისში? თავისუფლება ვის დავუტოვე? კასტროების ოჯახს? რატომ არ ცხელა მარტში ბუქარესტში? ვინ ვარ მე და რატომ მაქვს შვებულების მხოლოდ 20 სამუშაო დღე?

მალევე ოჯახის წევრს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და მივხვდი, რომ საქართველოში დაბრუნების გარდა არაფერი მინდოდა

ჩემი გზა (სინატრასი არა, ჩემი!) – დიდი აღმართ-დაღმართი

გაჭირვებამ გაქცევა მანახა და გადავწყვიტე, რომ 5 ენის ცოდნა საკმარისი იყო თარჯიმნად მუშაობის დასაწყებად. მას შემდეგ 3 წელიწადზე მეტი გავიდა და ხან აღმართია, ხან – დაღმართი, ხანაც მწვანე მდელო კენწეროში. 300-ზე მეტი ღონისძიება ვთარგმნე და ოთხიც – რომანი.

ფრილანსერობა და დამოუკიდებლად მუშაობა ის აღმოჩნდა, რისკენაც მერანს მივაჭენებდი და როგორც იქნა მივხვდი, ტყუილად არაფერი მისწავლია, არც ოფისის ზოგჯერ მოსაწყენ საათებს ჩაუვლიათ უქმად. ახლა უკვე ვიცი, ვისთან როგორ სჯობს კომუნიკაცია, რა ხდება ოფისებში, სახელმწიფო სამსახურებში და კულისებს მიღმა. ამიტომაც უფრო ადვილად ვითვალისწინებ ჩემი დამკვეთების სურვილებსა და პრიორიტეტებს.

დასკვნები – აჰა, ბატონო! ჩაუჯექი

No alt text provided for this image
  • ხშირად, უნივერსიტეტში სწავლისას, სწავლის სწავლას (როგოოორ?) უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მიღებულ ინფორმაციას
  • სწავლა უწყვეტი პროცესია და ზოგჯერ საკლასო ოთახებზე მეტად, დერეფნებში იმალება. მართალი ყოფილა გურამიშვილი, “სწავლა სიკვდიმდე შენია” და უფრო და უფრო ტკბილდება
  • აღმართს აუცილებლად მოსდევს დაღმართი, მაგრამ ძალიან სწრაფად არ უნდა დაეშვა, შეიძლება ორმოში ამოყო თავი
  • პრობლემები ძალიან ხშირად ღია კომუნიკაციით გვარდება. ეს კი პრობლემის გადაჭრის 5 თეორიულ ეტაპზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია
  • რამის არცოდნა სირცხვილი არ არის, მაგრამ ცნობისმოყვარეობა და ახლის გაგების სურვილი აუცილებელია
  • შენი CV ზუსტად იმდენად საინტერესო და კარგია, რამდენად საინტერესოდაც თავად წარმოაჩენ
  • ყველაფერი! ყველაფერი, რაც ისწავლე და გამოსცადე, ოდესმე რამეში აუცილებლად გამოგადგება! ჰო, პითაგორას თეორემაც!
  • 30 წლის მერე ცხოვრება და კარიერა კი არ მთავრდება, იწყება და პრიორიტეტები თავისით წიკწიკდებიან
  • საქართველოში მცირე ბიზნესად დარეგისტრირება და გადასახადების გადახდა უმარტივესი და უიაფესი “სიამოვნებაა”
  • იყო ფრილანსერი არ ნიშნავს იყო ღარიბი
  • საქართველო “წყალწაღებული” ქვეყანა არ არის. ის უბრალოდ პატარა ქვეყანაა და თუ რაიმე კარგად გამოგდის და გიყვარს, წარმატების დიდი შანსი გაქვს
  • აუცილებელია, ისწავლო საკუთარი უნარების დაფასება, რომ სხვებმაც დაგინახონ და დაგაფასონ

ყველას წარმატებებს გისურვებთ! დღეს 14 იანვარია, სახეებს ბაჟედან მალე ამოვიღებთ და შევუდგებით ისევ მუშაობას, აბა ჩვენ ვიცით და ჩვენმა მერანმა!